ამ ბლოგში, ჩემ მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შესახებ გიამბობთ, რომელიც ქართული სატელევიზიო მედიის მიერ ფემიციდის გაშუქებას ეხება. ზოგადად, ფემიციდს არაერთი განსაზღვრება აქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და ცნობილ დეფინიციას დავეყრდნობით, რომლის მიხედვითაც, ეს კაცის მიერ ქალის მკვლელობაა, რომელსაც საფუძვლად გენდერული უთანასწორობა დაედო (Redford, 1992; Shalhoub-Kevorkian, 2003). ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას უმეტესწილად მედია გვაწვდის და რადგან საქართველოს მოსახლეობის 69%-ისთვის ინფორმაციის მიღების პირველწყარო ტელევიზიაა, კვლევის დასაწყისში არჩევანი სწორედ მასზე შევაჩერე (NDI, 2019). რას გვიყვება ტელევიზორი ფემიციდის შესახებ? როგორ გვიყვება? რამდენად იცავს ეთიკურ სტანდარტებს ამბის თხრობისას? სთავაზობს თუ არა მაყურებელს პრობლემის გადაჭრის გზებს? - ეს ის შეკითხვებია, რომელზე პასუხსაც ამ ბლოგში ამოიკითხავთ.
სანამ უშუალოდ ქართული გამოცდილების განხილვაზე გადავიდოდეთ, უნდა ითქვას, რომ საკითხის შესწავლის დასავლური პრაქტიკა მრავალფეროვანი და ძირითადად მედიასტანდარტის კრიტიკაზე ორიენტირებულია. მოიძებნება არაერთი კვლევა, რომელიც საკითხის სხვადასხვა ასპექტს სიღრმისეულად განიხილავს და ახალი თეორიების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ეს შემდგომში ფემიციდის ერთი შეხედვით მარტივად გასაგებ მნიშვნელობას სულ უფროდაუფრო აფართოებს და მეტ მნიშვნელობას სძენს. სწორედ ასე შემოვიდა ფემიციდის მედიაგაშუქებაში ანდრეა კრიჟანისა და მარია პოპას თეორია, რომლის მიხედვითაც, გენდერული და დეგენდერული მიდგომა არსებობს. მაგალითად, სიუჟეტი გენდერულია, თუ ფემიციდის გაშუქებისას, ჟურნალისტის მიერ ქალისა და მამაკაცის ფაქტორზე გაკეთდება აქცენტი და ხაზგასმული იქნება, რომ საქმე გენდერულ უთანასწორობასთან გვაქვს. ხოლო, დეგენდერულია, პირიქით, როცა სქესისა და გენდერის ფაქტორი არ ჩანს და მაყურებლებს არავინ გვეუბნება, რომ პარტნიორის მხრიდან მკვლელობის პრობლემა ქალებს შედარებით მეტად აქვთ. მნიშვნელოვანი იყო განგვესაზღვრა, ქართული სატელევიზიო მედია ამ ორიდან რომელს უფრო ერგება.
საკითხით დაინტერესება იმან განაპირობა, რომ მხოლოდ 2020 წლის პირველ ორ თვეში 8 ქალი მოკლეს. „საია“-ს თქმით, მკვლელობა ოჯახის წევრის, პარტნიორის, ან ყოფილი ქმრის მიერ იყო ჩადენილი. სახალხო დამცველის მონაცემებით, 2014-დან 2018 წლამდე 135, ხოლო 2019-ში 16 ქალია მოკლული. მსგავსი მოცემულობის გათვალისწინებით, მედიას ფემიციდის გაშუქება მუდმივად უწევს და საყურადღებოა, თუ რამდენად პროფესიონალურად აკეთებს ამას.
კვლევაში ექსპერტები მონაწილეობდნენ. მათი მოსაზრებების ანალიზმა აჩვენა, რომ ფემიციდის გაშუქების თვალსაზრისით, ქართული სატელევიზიო მედია გენდერულობა-დეგენდერულობის ზღვარზე დგას და ერთგვარ შერეულ მოდელს ქმნის, თუმცა რიგ შემთხვევებში მაინც უფრო დეგენდერულობისაკენ იხრება ხოლმე. ეს განპირობებულია იმით, რომ სატელევიზიო მედიის მიერ, ფემიციდი გაშუქებულია როგორც ინდივიდუალური შემთხვევა და არა სოციალური მოვლენა, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაში განმეორებითი ხასიათი აქვს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ამასთან დაკავშირებით, სატელევიზიო მედიაში, კონცეფციის დონეზე წინასწარ შემუშავებული ხედვა არ არსებობს და, შესაბამისად, კერძო შემთხვევების დროს უწევთ გადაწყვიტონ, თუ რა პოლიტიკას აირჩევენ. ეს მომხდარზე ერთგვარი სწრაფი რეაქციაა, რომლის გაშუქებაც აუცილებლად მაღალრეიტინგული უნდა იყოს. მათ ზურგს არ უმაგრებთ სახელმწიფოს არსებული ხედვაც, რომელზე დაყრდნობაც ექსპერტების აზრით, კიდევ უფრო სარისკო იქნებოდა.
ფემიციდის გაშუქებისას, სატელევიზიო მედია, თავის მოვალეობებს შორის შექმნილი სიტუაციის მიზეზების კვლევასაც ხედავს, რითაც ფოკუსი უფრო ფართო პრობლემიდან, ინდივიდუალური შემთხვევის განხილვამდე დაიყვანება. ამბებს შორის შინაარსობრივი ბმის ჩვენებისაგან თავის არიდება საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს და რიგ შემთხვევაში მკვლელობის რომანტიზებასაც ახერხებს. მაგალითად, სატელევიზიო მედია, ზოგჯერ, მაყურებელზე ემოციური შთაბეჭდილების მოსახდენად ამბობს, რომ მამაკაცმა თავი გადამეტებული სიყვარულის გამო ვერ მოთოკა და ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ასეთ დროს, პრაქტიკულად გამორიცხულია იმის დანახვა, რომ მკვლელობა უთანასწორო გენდერული როლებითაა გამოწვეული. ამ ფაქტორის წინ წამოწევა, ტოქშოუს ტიპის გადაცემებში უფრო ხდება, ვიდრე ახალი ამბების გამოშვებებში. თუმცა, აქაც იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს.
წლების მანძილზე გაშუქებისას განცდილ პროგრესს შორის მოიაზრება, რომ თუ ადრე სქესის ფაქტორზე სრულებითაც არ მახვილდებოდა ყურადღება და ფემიციდი უბრალო კრიმინალურ დანაშაულად იყო შერაცხული, თანამედროვე სატელევიზიო მედიაში უკვე შეინიშნება მცდელობა, რომ ხაზი გაესვას, საქმე მამაკაცის მიერ ქალის მკვლელობასთან გვაქვს. მიუხედავად წინსვლისა, რიგ შემთხვევებში მოკლული ქალი უმეტესწილად დამნაშავედ თავადაა წარმოდგენილი, ხოლო მამაკაცი მსხვერპლია, რადგან შემდეგი წლები ციხეში უნდა გაატაროს. რადგანაც მისი ხმა ვეღარ გაჟღერდება, მოკლული ქალის დახასიათება ძირითადად მეზობლებისგან კომენტარების ჩამორთმევით ხერხდება და მედიის მიერ ასე ირკვევა, თუ რა ჩაიდინა მან ასეთი, რომ მამაკაცის „პროვოცირება გამოიწვია“.
ამ დროს, პრობლემად არა მხოლოდ ჟურნალისტების მგრძნობელობა, ან კვალიფიციურობა, არამედ, სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტების სისუსტეც განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სატელევიზიო სივრცეში არსებობენ პასუხისმგებლიანი მედიასაშუალებები, რომლებიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრულ ნორმებს ითვალისწინებენ, ეს ტენდენციას არ წარმოადგენს და უმეტესწილად, არხის სარედაქციო პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ამიტომ, გამოსავლად თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერება მიიჩნევა. აქ მნიშვნელოვანია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის როლიც, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა თავისი სახელმძღვანელო წესებითა, თუ აქტივობებით, გარკვეულ ფუნქციას ასრულებს. ექსპერტები თვლიან, რომ სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტების დარღვევით, ქართული სატელევიზიო მედია ფემიციდს სენსაციურად აშუქებს, ზოგჯერ ბალანსს სრულებით ვერ იცავს და უმეტესწილად ჟურნალისტის ინდივიდუალურ არჩევანზეა დამოკიდებული, თუ როგორ გააშუქებს ამბავს. ფაქტობრივად არ სახელდება შემთხვევა, როცა ფემიციდის გაშუქებისას სტანდარტების დარღვევის გამო, ჟურნალისტს, ან არხს სამართლებრივი პრობლემები შექმნია. აქ ერთადერთი დადებითი ფაქტია, რომ დროსთან ერთად სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება და ტერმინ „ფემიციდის“ საქართველოს ტელემაუწყებლობებში დამკვიდრება, გასულ წლებთან შედარებით უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.
პრობლემის აღმოფხვრის თვალსაზრისით, მედიისთვის ექსპერტების მოსაზრებების გაშუქება რეკომენდირებულია, თუმცა, კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ეს ტელეარხებზე იმდენად კონტექსტიდან ამოვარდნილადაა წარმოდგენილი, რომ თავის მიზანს ვერ აღწევს. ზოგჯერ, მათ, ბრალდებულის ნათესავებთან ოპონირებისთვისაც იწვევენ და ცდლობენ, მხარედ წარმოაჩინონ, თუმცა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსგავს ამბებში ორი მხარე საერთოდაც არ არსებობს. პრევენციის მიზნით, სატელევიზიო მედიის მხრიდან, დრო თითქმის არ ეთმობა ინფორმაციას ისეთი სერვისების შესახებ, რომლებსაც ქალებმა ძალადობის შემთხვევაში უნდა მიმართონ.
მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ვითარება საკმაოდ კრიტიკულია, ექსპერტები ასკვნიან, თუ ამ კუთხით მედია პროგრესირებას იმავე ტემპით გააგრძელებს, როგორც ამას 2014 წლიდან აკეთებდა, შესაძლოა, შემდეგ წლებში მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.
Comentários