![](https://static.wixstatic.com/media/1195fa_7fb7a6d4d7474c7ea6f331bb42f974ea~mv2.png/v1/fill/w_577,h_513,al_c,q_85,enc_auto/1195fa_7fb7a6d4d7474c7ea6f331bb42f974ea~mv2.png)
კვლევა „ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილებები, დამოკიდებულებები და ღირებულებები“ WeResearch-მა 2021 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
კვლევა მიზნად ისახავდა, შეესწავლა ახალგაზრდების დამოკიდებულებები საქართველოს ისტორიისა და მისი სწავლების მიმართ. კვლევა შეეხებოდა იმასაც, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და როგორ აფასებენ ისტორიის სწავლის გამოცდილებას.
კვლევის ფარგლებში, მონაცემთა შეგროვებისთვის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების კომბინაცია გამოვიყენეთ. კერძოდ, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც საჯარო სკოლის 9-12 კლასის 4366 მოსწავლე მოიცვა; თვისებრივი კვლევის ფარგლებში კი 12 ფოკუსჯგუფი შედგა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან და, ასევე, რვა პირისპირი ინტერვიუ - სფეროს ექსპერტებთან.
![](https://static.wixstatic.com/media/1195fa_36cebe91fc1140b8bf2c400cf72d5d74~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_590,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/1195fa_36cebe91fc1140b8bf2c400cf72d5d74~mv2.jpg)
კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეების უმეტესობისთვის ისტორია მხოლოდ წარსული მოვლენები არ არის და ის აწმყოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. მოსწავლეები თვლიან, რომ ისტორიის გამოყენება აწმყოს ინტერპრეტაციისა და მომავლის განსაზღვრისთვის შეიძლება.
საინტერესოა ისიც, რომ ისტორიის ინტერპრეტაციული გაგება თანაარსებობს ისტორიული სიმართლის დადგენის იდეასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსაზრება, რომ ისტორიას, შეიძლება, მრავალი სხვადასხვა ინტერპრეტაცია ჰქონდეს, თანაარსებობს მოსაზრებასთან, რომ არსებობს ერთი ჭეშმარიტი ისტორია.
მოსწავლეები საქართველოს ისტორიის მიმართ მაღალ დაინტერესებას ამჟღავნებენ. მათ განსაკუთრებით ჩვ. წ. 400-1350 წლების პერიოდი და ადგილობრივი და რეგიონული ისტორია აინტერესებთ. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ გოგოები უფრო მეტად არიან დაინტერესებული საქართველოს ისტორიის როგორც სხვადასხვა ეპოქით, ასევე სხვადასხვა თემით, ვიდრე ბიჭები.
ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მოსწავლეები სხვადასხვა ფორმალურ და არაფორმალურ წყაროებს მიმართავენ. ფორმალური წყაროებიდან (მაგ. სახელმძღვანელოები) მიღებულ ინფორმაციას მოსწავლეები ხშირად არაფორმალური წყაროებიდან (მაგ. ინტერნეტი, ოჯახის წევრები) ავსებენ.
![](https://static.wixstatic.com/media/1195fa_edcc37b2e8fa42ff8b941e18f41e7c14~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_484,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/1195fa_edcc37b2e8fa42ff8b941e18f41e7c14~mv2.jpg)
Commentaires