ცხრა წლის წინ, როცა ფსიქოლოგიის ბაკალავრიატს ვამთავრებდი და ერთობ ეგზოტიკური სახელწოდების მქონე სამაგისტრო პროგრამაზე ვაპირებდი ჩაბარებას („ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“), ერთ კვლევაში მივიღე მონაწილეობა. ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტისთვისაც კი, ეს პრაქტიკული გამოცდილების მიღების იშვიათი შესაძლებლობა იყო - უნივერსიტეტში კვლევას დაახლოებით ისე სწავლობდი, როგორც საბჭოთა მოსწავლე უცხო ენას - კითხვა, წერა და საბაზისო გრამატიკა უნდა გცოდნოდა, მაგრამ ამ ენაზე მოსაუბრესთან ცოცხალი საუბრის შანსი, დიდი ალბათობით, არასოდეს გექნებოდა და რომც გქონოდა, ცოცხალი მეტყველების გამოცდილების არქონის გამო, ბევრს ვერაფერს გააგებინებდი. მაშინაც და ახლაც, ცოდნის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩემთვის მისი გამოყენებითი პოტენციალია, ამიტომ ცოცხალ კვლევაში მონაწილეობის შანსს დიდხანს ვეძებდი. საბოლოოდ, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი გამოცდილება აღმოჩნდა.
კვლევა რაოდენობრივი იყო, ასეთ კვლევებს „გამოკითხვასაც“ ეძახიან. „სამსახურეობრივი მოვალეობა“ კი იმაში მდგომარეობდა, რომ კითხვარების დასტით ხელში თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური და ტრადიციული უბნის რამდენიმე ქუჩა უნდა მომევლო, ყოველ მეხუთე ბინაზე მიმეკაკუნებინა, კარს მიღმა მდგარი ბინადარი კითხვარის შევსებაზე დამეთანხმებინა და ამის შემდეგ ბადეში გაბმული საბრალო მსხვერპლი დაახლოებით საათნახევარი მეწამებინა შეკითხვებით: „ბოლო სამი წლის მანძილზე სულ რა ოდენობის თანხა გადაიხადეთ აბაზანის საწმენდ საშუალებებში?“ ან: „ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩამოთვლილთაგან რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არაფრისდიდებით?“.
საქმე აზარტული, საინტერესო და ემოციურად დატვირთული გამოდგა. ვიღაც გიღებდა კარს, ვიღაც - არა. გადმობირების ტექნიკას ზარიდან ზარამდე ვხვეწდი. ვიღაც კარსაც გიღებდა, შიგნითაც გეპატიჟებოდა და მერე აღარ გიშვებდა. მთავარი ხიბლი ის იყო, რომ ისეთ ბინებში ამოვყოფდი ხოლმე თავს, სადაც სხვანაირად ვერაფრით მოვხვდებოდი და ისეთ ხალხს ვესაუბრებოდი საკუთარ მოედანზე და ინტიმური დისტანციიდან, სხვა დროს რომ ვერ შევხვდებოდი.
ყველაზე დასამახსოვრებელ რესპონდენტებს შორის იყვნენ: მხიარული სომეხი დედა-შვილი (ყველა შეკითხვას სიცილ-კისკისით პასუხობდნენ); მოქეიფე ახალგაზრდები, რომლებმაც სუფრაზე მიმიპატიჟეს და კითხვარი არ შემივსეს; მწვავე ნარკოტიკულ აბსტინენციაში მყოფი სპორტულშარვლიანი მამაკაცი (რომელმაც „წამებას“ ხუთი წუთიც ვერ გაუძლო და ბოლოს აღმოხდა, ოღონდ ეგ აღარ შემავსებინო და რასაც გინდა, იმას ვიზამო); ახლახან შვილგარდაცვლილი მომნუსხველი ქალი, რომელიც წინ მეჯდა, ღერს ღერზე ეწეოდა და პასუხებს ძალიან გვიან, სხვა სამყაროდან მცემდა (კარი რატომ გამიღო, დღემდე არ ვიცი. მგონი, არც თვითონ იცოდა) და სოხუმიდან დევნილი მოხუცი, რომელიც ფარღალალა ბინაში ვაშლის კომპოტს ხარშავდა, ასთმისგან განუწყვეტლივ ახველებდა, ერთადერთ დენის ქურასთან ადგილი მე დამითმო გასათბობად და წამოსვლის წინ ძალით გამომატანა საიდანღაც გამოგზავნილი მანდარინები. ერთი კაცი კი, რომელმაც თავიდან კარი ძლივს გამიღო, დამშვიდობების მერე ტრამალ და ტრამალ გამომედევნა მწვანე „ალპენ გოლდის“ ფილით ხელში, იქვე, მეორე სართულის კიბეზე დამეწია და ჩემი ჯილდო ზარ-ზეიმით გადმომცა (არადა, მე თუ მკითხავ, იმ კითხვარის გაძლებისთვის პრიზი აქეთ ეკუთვნოდა).
მოკლედ, თითოეულ „რესპონდენტს“ თავისი ისტორია ჰქონდა, რომელიც ანკეტის ფარგლებს სცდებოდა, მაგრამ ჩემი საქმე ანკეტის შევსება (ან უფრო ზუსტად - „შევსებინება“) იყო. ასეთი „გამოკითხვების“ პირობა კიდევ ის არის ხოლმე, რომ „ინტერვიუერი“ რაც შეიძლება, მიუკერძოებელი უნდა იყოს (პოზიტივისტურ პერსპექტივას ადამიანის ობიექტურობის შესაძლებლობის ღრმად სწამს), ემოციები მოთოკოს და საერთოდაც, წესიერად მოიქცეს. ამას კი პირნათლად ვასრულებდი, მაგრამ „სამუშაო ადგილზე“ ბეჯითად ჩახშობილ შთაბეჭდილებებს, დაკვირვებებს და განცდებს სახლში დაბრუნებისთანავე რვეულში ვიწერდი. ასე დავწერე პირველი „საველე დღიური“ ისე, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რას ვაკეთებდი.
იმ კვლევის მნიშვნელობა და მასშტაბი კარგად მესმოდა და ახლა რომ ვიხსენებ, ჩემს საქმესაც მართლა სერიოზულად და კეთილსინდისიერად ვეკიდებოდი. შედეგიც საინტერესო გამოვიდა, ოღონდ ჩემთვის პროცესი უფრო მაგარი იყო. ამის პირველი მიზეზი უკვე ვახსენე - ადამიანები, რომლებსაც იქამდე მხოლოდ ქუჩაში გამვლელებად ვხედავდი, ამ საქმემ ძალიან ახლოს მიჩვენა და თანაც - საკუთარი ბინების ინტერიერში. უცნაურია, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ იმ ბინებს, სადაც შევედი, საერთო არაფერი აქვთ იმ ქალაქთან, სადაც ყოველდღე დავდივარ. თითქოს იმ რამდენიმე დღის მანძილზე ჩემ წინაშე დროებით, რაღაც მაგიური ძალის ზემოქმედებით, სარკისმიღმიერი სამყარო იხსნებოდა და გამოვიდოდი თუ არა იქიდან, ჩემ ზურგსუკან სამუდამოდ იხურებოდა. აღარასოდეს მიცდია იმ ხალხის სახეების გამვლელებს შორის ძებნა, არც იმ ფანჯრებს მივშტერებივარ ქუჩიდან, საიდანაც მაშინ გარეთ ვიყურებოდი.
მეორე ამბავი რისკი იყო, რომელსაც მაშინ ვგრძნობდი და ვერ ვაცნობიერებდი, ახლა კი ნათლად ვხედავ - ძალიან ახალგაზრდა ქალი მარტო, უცხო ბინებში - სულ უსაფრთხო ამბავიც არ ჩანს, მაგრამ მაშინ ცნობისმოყვარეობა უფრო ძლიერი იყო და ხიფათზე ბევრი არ მიფიქრია. სადღაც გულის სიღრმეში მომწონდა კიდეც.
მესამე ის იყო, რომ „კარდაკარ მოსიარულე ინტერვიუერის“ როლი საკუთარი სოციალური სტატუსის და მასთან დაკავშირებული სოციალური მოლოდინებისგან გათავისუფლებს, რომელიც ადამიანისთვის ხან თავშესაფარია, ხან - საპყრობილე და ხშირად - ორივე ერთად. ჩვენს კულტურაში „გამოკითხვაზე მოსული“ ტიპი მემაწვნის, მოწყალების მთხოვნელის, საარჩევნო ბუკლეტების დამტარებლის და ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრის ენთუზიასტის მსგავსად, მარგინალია. არც სახელი აქვს (გეუბნება, მაგრამ მალევე გავიწყდება), არც სახე (ესეც მალე გავიწყდება). რაღაც განზოგადებული „შემწუხებელია“. ეს „გამოკითხვაზე გასვლის“ პირველ დღესვე ძალიან ნათელი გახდა - იქამდე ამაზე არ მიფიქრია. რამდენიმე რესპონდენტი უპირობოდ გულღია და მეგობრული იყო, ზოგთან უშუალობა და საუბრის აკადემიური მანერა ჭრიდა და მერე თავაზიანად გექცეოდნენ, თუმცა ბევრი ბოლომდე „შენობით“ მოგმართავდა და აგდებულ დამოკიდებულებას, ზოგჯერ რაღაც სიბრალულისმაგვარსაც გრძნობდი. ოღონდ ამას არცერთხელ არ დავუთრგუნივარ - პირიქით, რატომღაც ძალიან მახალისებდა და მომწონდა. როლი თითქოს ბუფერივით მიცავდა ბევრი არასასურველი რამისგან, იმათ კიდევ გაცილებით უფრო ათამამებდა, ვიდრე მაშინ, რამე სხვა იპოსტასით რომ გამოვცხადებოდი.
კიდევ უფრო მხიარული ნაცნობების ამბავი იყო - ერთი-ორჯერ მოულოდნელად ნაცნობის ბინაში მოვხვდი და ნამდვილი ორმხრივი კოგნიტური დისონანსი იქ ატყდა. რამდენჯერმე ქუჩაში ჩემი მშობლების ახლობლებს გადავეყარე და ხალისიანადაც მოვუყევი, რას ვაკეთებდი. ძალიან ცდილობდნენ, არ შეემჩნიათ, მაგრამ აშკარად ეტყობოდათ დაბნეულობა - ეს როლი და მათ მიერ წარმოსახული ჩემი სოციალურ სტატუსი მათი გადმოსახედიდან ერთმანეთს მეტისმეტად იყო აცდენილი. მარტო ერთმა კაცმა გამიგო (იცოდა რომ კვლევა მაინტერესებდა) და მითხრა, ეგ შენთვის ძალიან კარგი გამოცდილება იქნებაო.
გამოკითხვის პროცედურას ზედმიწევნით პატიოსნად ვატარებდი, ოღონდ სულ რაღაც უკმარისობის განცდა არ მასვენებდა. აი, ადამიანი გიწყებს საუბარს თავისთვის მნიშვნელოვან რამეზე - ისეთი ამბის გაზიარება უნდა, რაც თვითონ ჰგონია მნიშვნელოვანი, რასაც განიცდის, ან უხარია - შენ კიდევ რაც შეიძლება სწორ მომენტში უნდა შეაწყვეტინო თავაზიანი შენიშვნით და სულ ღიმილ-ღიმილით ისევ კითხვართან მიაბრუნო („ეგ ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ რა მინდა გკითხოთ - საოჯახო ტექნიკის შეძენას რამდენად ახერხებთ ბოლო დროს?“). ამ დროს გაინტერესებს, მაინც რისი თქმა უნდოდა. იქნებ ის, რისი თქმაც უნდოდა და როგორც უნდოდა ამის თქმა, უფრო მნიშვნელოვან პასუხს გაძლევს ღირებულებების შესახებ, ვიდრე სტანდარტული „კი/არა“ და „ამდენი“ უკვე წინასწარ განსაზღვრული პასუხის გასწვრივ? აი, ეს ტიპი იგივეს მპასუხობს, რაც წინა რესპონდენტმა მიპასუხა, ოღონდ მიზეზად სულ სხვა რამეს მეუბნება. აი ეს სად უნდა აისახოს? - ამაზე პასუხი ცოტა უფრო გვიან მივიღე.
სინამდვილეში, ეს ჩემი კითხვები გაცილებით უფრო დიდი დებატის ნაწილი იყო, რომელსაც აკადემიურად „პოზიტივისტური და ფენომენოლოგიური მიდგომების კამათი“ შეგვიძლია დავარქვათ, ან თუ მეთოდებზე დავიყვანთ - დედუქციური და ინდუქციური მეთოდების გაბაასება. ცხადია, ეს პერსპექტივები ურთიერთგამომრიცხავი როდია - ერთი კვლევის ფარგლებში პოზიტივისტური რაოდენობრივი მეთოდის და ფენომენოლოგიური თვისებრივი მეთოდის კომბინირება ძალიანაც კარგი იდეაა და ყველაზე ნაყოფიერი შედეგებიც მოაქვს. თვით თვისებრივი კვლევის დროსაც ხშირად ხდები მოწმე, ანალიზისას როგორი ურთიერთმონაცვლეობით მუშაობს დედუქცია და ინდუქცია და რა აზარტული გამოდის ამის ფონზე მთელი მაძიებლობის პროცესი. ოღონდ, ჩემი სტუდენტობისდროინდელი სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ჯიუტად ებღაუჭებოდა პოზიტივიზმს, როგორც უალტერნატივო პერსპექტივას და მგონი, დიდწილად დღესაც ასეა. გამონაკლისი ყველაზე ხშირად მაშინ გამოდის, როცა სოციალური მეცნიერება ინტერდისციპლინურ რელსებზე გადაუხვევს ხოლმე.
„ზეპირი ისტორიების“ მეთოდის შესახებ პირველად როდის გავიგე, არ მახსოვს. სამაგიეროდ, მახსოვს, პირველად როგორ წავიკითხე ნამდვილი ზეპირი ისტორიები - ეს იყო 2011 წელს ფონდ „ტასოს“ მიერ გამოცემული ქალების ზეპირი ისტორიების კრებული, „ასწლეული ინტერიერში“.[i] აქ მოთხრობილი საოცარი ამბები მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება და 21-ე საუკუნეს სწვდება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი და ავთენტური წიგნი, რაც ქართულ ენაზე წამიკითხავს და რომლის წაკითხვასაც ყველას ვურჩევ.
მარტივად რომ ვთქვათ, „ზეპირი ისტორია“ თხრობის აქტიც არის და თავად მონათხრობიც. საქმეში ორი პირი მონაწილეობს - ინტერვიუერი და მთხრობელი. ინტერვიუერი სვამს შეკითხვებს (მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა, ასევე მოქნილობის ხარისხი კვლევის მიზნების შესაბამისად განისაზღვრება), რომლებსაც მთხრობელი თავისუფალი, განვრცობილი მონათხრობით პასუხობს, სადაც საკუთარ (და ზოგჯერ ამასთან ერთად, მშობლებისა და წინაპრების) ცხოვრებას მიმოიხილავს დაბადებიდან დღემდე და ამ ნარატივში მარგალიტებივით არის გაბნეული ის ისტორიული თუ პოლიტიკური მოვლენები, რომლებსაც ხშირად მხოლოდ წიგნებიდან, მედიიდან, ან მხოლოდ ჩვენი სუბიექტური გადმოსახედიდან ვიცნობთ. ზეპირი ისტორია არამხოლოდ „ფაქტებს“ ეძებს და იხელთებს, არამედ მათ სუბიექტურ ანალიზსა და შეფასებასაც, რომელიც მთხრობელის ბიოგრაფიული გამოცდილების ქსოვილშია მოქცეული, რაც მკვლევარი-ანალიტიკოსისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდია. ეს მეთოდი ინახავს არამხოლოდ იმას, თუ „რას“ გიყვებიან, არამედ „როგორ“ გიყვებიან - როგორ მეტყველებს ადამიანი, რა მეტაფორებს იყენებს, რომელ დიალექტზე საუბრობს, რომელ უცხო სიტყვებს მოიხმობს (თუ ასეთი ხდება). თუმცა, „ზეპირი ისტორიები“ „თაროზე შემოსადები“ საარქივე მასალა როდია - ტექსტით და ტექსტზე მომუშავე მკვლევრისათვის, რომელიც სიღრმისეული კვლევის მეთოდებად კონტენტ-ანალიზს, ნარატივის ანალიზსა თუ დისკურსულ ანალიზს იყენებს, ეს ტექსტები განძია.[ii]
ქალთა ზეპირი ისტორიების გარდა, საქართველოში ამ თვალსაზრისით მეორე მთავარი მიმართულება ზეპირი ისტორიების საბჭოთა მეხსიერების კვლევის საქმეში გამოყენებაა.[iii] 2016 წელს „ზეპირი ისტორიის“ საზაფხულო სკოლაში ვმონაწილეობდი, სადაც ბევრ სხვა მეცნიერთან ერთად (სოციოლოგები, ისტორიკოსები, პოლიტიკის მკვლევრები) მომხსენებლები „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევრები, ირაკლი ხვადაგიანი და დათო ჯიშკარიანიც იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ პირობებში, როცა ქართული ოფიციალური არქივები მკვლევრებისთვის ბევრი მიზეზით მიუწვდომელია, ამ დანაკლისის კომპენსაციისათვის „ზეპირი ისტორიების“ მეთოდი ისტორიკოსის მთავარი იარაღი ხდება.
ეს „მოუხელთებლის მოხელთების“ ფუნქცია ამ მეთოდში ჩემთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოდგა. „მოუხელთებლობას“ აქ ჩემთვის ორი მნიშვნელობა აქვს: #1 - ზოგჯერ კვლევის ყველაზე მნიშვნელოვან გასაღებს ვერც სტატისტიკა გაძლევს და ვერც ისეთი თვისებრივი მეთოდი, როგორიც, მაგალითად, კონკრეტულ, ვიწრო შეკითხვაზე პასუხის მისაღებად აგებული სიღრმისეული ინტერვიუა. ზოგიერთი მოვლენის მნიშვნელობის გასახსნელად არამხოლოდ ამ მოვლენის აღწერა, არამედ მოვლენის ბიოგრაფიულ კონტექსტში ჩასმა გჭირდება. #2 - ზეპირი ისტორიების მთხრობელები ხშირად ისეთი ადამიანები არიან, რომელთა ხმა არც მასობრივი მედიიდან ისმის, არც პარლამენტის ტრიბუნიდან, არც უნივერსიტეტის კათედრიდან და არც სხვა პლატფორმიდან. ეს ხალხი ზოგჯერ კლასის, გენდერის, ასაკის, ეთნიკურობის ნიშნით გარიყული და შესაბამისად, „მოუხელთებელია“ - მაშინაც კი, როცა წმინდა რაოდენობრივად, უმცირესობას კი არა, უმრავლესობას წარმოადგენს. ამ მხრივ, კვლევის ეს მეთოდი შეგვიძლია აგენტობაწართმეულისთვის „ისტორიის აგენტობის“ დაბრუნების აქტადაც განვიხილოთ - მაშინ, როცა ისტორია „უბრალო ადამიანებს“ ტრადიციულად, ობიექტებად ხედავს და ზოგჯერ, თვითონ „უბრალო ხალხიც“ ისისხლხორცებს ამ მეტანარატივს, ზეპირი ისტორია ამ აგენტობის სამეტყველო პერფორმანსის(თხრობის) მეშვეობით დაბრუნებასაც ნიშნავს და ამ მონათხრობის, როგორც მოწმობის დოკუმენტაციასაც.
თუ “oral history”-ს დაგუგლავთ, ინგლისურ ენაზე უამრავ საინტერესო გამოცემას იპოვით: ჰოლოკოსტის ზეპირ ისტორიას, გულაგის ზეპირ ისტორიას, აპარტეიდის ზეპირ ისტორიას, დიასახლისების ისტორიებს „დიდი დეპრესიის“ შესახებ, ზეპირ ისტორიებს, რომლებიც მოგვითხრობს, თუ როგორ გარდატყდა სვინგი ბოპში (ჯაზის ზეპირი ისტორია), საბჭოთა „კომუნალკის“ ზეპირ ისტორიას, ვიეტნამის ომისა და 11 სექტემბრის ზეპირ ისტორიებს და ა.შ. ჩვენ ასე შეგვიძლია ვიკითხოთ - რას ნიშნავს ზეპირი ისტორია ჩვენი ახალი და უახლესი ისტორიის და შესაბამისად - აწმყოს გააზრების საქმეში? რა შეუძლია ზეპირ მონათხრობს გვითხრას „მარად ცვალებადი წარსულის“ შესახებ, რომელსაც მედია, პოლიტიკური ელიტა და სხვები ხშირად ცალმხრივად წარმოაჩენენ, ორმაგ სტანდარტებს არგებენ, უადგილოდ აზოგადებენ, ან მხოლოდ რიტორიკულ ბერკეტად იყენებენ მაშინ, როცა აუდიტორიის ემოციით მანიპულირებას ცდილობენ? და კიდევ ერთი - იქნებ, კვლევის სტანდარტიზებული კიხვარების გამოყენება ზოგჯერ იმიტომ არ გვაძლევს პასუხს, რომ პასუხი იქ არის, სადაც იშვიათად ვეძებთ - „უბრალო ადამიანის“ გამოცდილებაში, რომელიც კონტექსტზე მიგვითითებს და უშუალოდ, ჩვენი გამოცდილების შესაბამის გასაღებს გვაპოვნინებს, სხვა კონტექსტიდან უცვლელად ნასესხები, ხშირად არარელევანტური მოდელების ბრმად გამოყენების ნაცვლად?
წიგნში „პერსონალურის დაბრუნება - პოსტსოციალისტური ევროპის ზეპირი ისტორია“ [iv] ნატალია ხანენკო-ფრიზენი და გელინადა გრინჩენკო აღნიშნავენ, რომ „ზეპირი ისტორია“, როგორც მეცნიერული კვლევის მეთოდი, „დასავლეთში“ ჩამოყალიბდა. თუმცა, შინაარსისა და გამოყენების თვალსაზრისით, „პოსტსოციალისტმა“ მკვლევრებმა ზეპირი ისტორია მათ სპეციფიკურ „დღის წესრიგს“ მოარგეს, რადგან ნათლად ხედავდნენ, რომ „დასავლური მოდელები“ მათ ძალზე საგანგებო გამოცდილებას ხშირად არ მიესადაგებოდა (2015,4). გარდა ამისა, თვით „პოსტსოციალისტურობა“ ჰომოგენური ფენომენი როდია - მათი აზრით, უფრო მართებული იქნება, თუკი ვისაუბრებთ არა „პოსტსოციალისტურ გამოცდილებაზე“, არამედ „პოსტსოციალისტურ გამოცდილებებზე“ და თითოეულ შემთხვევას ისე განვიხილავთ, როგორც კულტურულად და ადგილობრივად სპეციფიკურს (იქვე, გვ.5). სწორედ აქ ხდება აქტუალური ზეპირი ისტორიები, როგორც ობიექტურ ისტორიულ ხდომილებათა ინტერპრეტაცია სუბუექტურ ჭრილში, რომელიც გვაჩვენებს, ერთი მხრივ, რა გვაქვს საერთო, მეორე მხრივ კი - რა განგვასხვავებს. ამიტომ ავირჩიე ჩემი სადოქტორო კვლევის მთავარ მეთოდად „ზეპირი ისტორიების“ ანალიზი და ამ მიდგომის შრომატევადობის და დროისმშთანთქველობის მიუხედავად, არცერთი წუთით არ მინანია.
აქედან კი ისევ უკან ვბრუნდები - იმ ხალხის ზეპირ ისტორიებს, ათი წლის წინ, ზამთრის რამდენიმე დღის განმავლობაში რომ ვხვდებოდი, ალბათ, ვეღარასოდეს გავიგებ. ეს შანსი უკვე გამსხლტარია. ვინ იყვნენ ეს ეთნიკურად, გენდერულად, კლასობრივად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები, ვინ არიან დღეს და რა ჰქონდათ საერთო და რა - არა, ამაზე მხოლოდ ჩემთვის შემიძლია მარტოდ დარჩენილმა ვიფიქრო, წარმოვიდგინო. სამაგიეროდ, თითოეულმა მათგანმა ერთი რამ მასწავლა - კარს უფრო ხშირად გაგიღებენ, ვიდრე გგონია. მთავარია, სწორ კარზე დააკაკუნო.
[i] თაბუკაშვილი, მარინა, შემდგ.-რედ. ასწლეული ინტერიერში: ეძღვნება ზეინაბ ფილიპოვას. ფონდი "ტასო", 2011. წიგნი სტუდენტებისთვის და მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომია მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში: https://opac.iliauni.edu.ge/eg/opac/record/21189. მოპოვებულია: 15 ნოემბერი, 2020.[ii] „ზეპირი ისტორიის“, როგორც კვლევის მეთოდის შესახებ იხ.: Abrams, Lynn. Oral history theory. Routledge, 2016; Perks, Robert, and Alistair Thomson, eds. The oral history reader. Routledge, 2015; Ritchie, Donald A. Doing oral history. Oxford University Press, 2014; Thompson, Paul. The voice of the past: Oral history. Oxford university press, 2017. [iii]„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მიერ ჩაწერილი ზეპირი ისტორიები იხ. ბმულებზე: https://www.youtube.com/playlist?list=PL6cxIgdiQ0basE00ANiL8TBjVp7r-VAMBდაhttps://www.youtube.com/watch?v=JY8HBQ68nhI. მოპოვებულია: 15 ნოემბერი, 2020.[iv]Khanenko-Friesen Natalia and Gelinada Grinchenko, eds. Reclaiming the personal: Oral history in post-socialist Europe. University of Toronto Press, 2015.
პოსტის ავტორი: თინათინ ხომერიკი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი
Comentarii