
„ის ფემინისტები, ვინც ცდილობენ რომ 'დაარტყან' სექსუალობაზე ტაბუებს, თქვან რომ კაცები არ აინტერესებთ, არიან ქვიარები, ამ თემებზე წერენ, განსაკუთრებულად დიდი საფრთხეების ქვეშ არიან. იმიტომ რომ ისინი უკვე აღარ არიან ის ქალები, რომელსაც საზოგადოება და კაცი პატივს სცემს. ანუ ქალებიც აღარ არიან რეალურად. ამიტომ, აი ქალია და არ დავარტყავ [აღარ არის რელევანტური]. ვიცი, რომ დაჭირდეს, დამარტყავს.“ (ქვიარ აქტივისტი, თბილისი)
ქალი და ქვიარ აქტივისტები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ხდებიან სხვადასხვა საფრთხის ადრესატები, რაც მათ ფიზიკურ და ციფრულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. ამ საფრთხეებს აქვთ გენდერული ნიშანი და ჰეტერო-პატრიარქალური ღირებულებებითა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკით არის განპირობებული.
რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არიან ის ძირითადი აქტორები, რომლებიც ქალთა უფლებებისა და ქვიარ აქტივიზმისათვის მტრულ გარემოს ქმნიან. ისინი ქალ და ქვიარ აქტივისტებს უზღუდავენ სივრცეს აქტივიზმისთვის მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების დარღვევით. ქალ და ქვიარ აქტივისტების ნარატივების წინააღმდეგ საბრძოლველად ისინი ქვეყანაში უმაღლეს ფასეულობად მიჩნეულ ოჯახის ღირებულებას იყენებენ. რადიკალური მემარჯვენე ჯგუფებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის დისკურსი კონსერვატული, ანტიდასავლური და ანტილიბერალურია.
დემოკრატიული სივრცის შეზღუდვა და მისი თანამდევი საფრთხეები ერთი მხრივ, ინდივიდუალური აქტივისტების სიცოცხლესა და კეთილდღეობას აყენებს რისკის ქვეშ, მეორე მხრივ კი მისი შედეგები ქალთა და ქვიარ აქტორთა აქტივიზმს უღობავს გზას, რითაც საზოგადოებაში მეტად ეგალიტარული და ინკლუზიური დისკურსების დამკვიდრებას აფერხებს.
კვლევა, რომელიც WeResearch-მა ჩაატარა ქალთა ფონდთან თანამშრომლობით, მიმოიხილავს იმ კონტექსტს, რომელშიც ქალ და ქვიარ აქტივისტებს უწევთ ოპერირება საქართველოში, და ცდილობს გაანალიზოს იმ საფრთხეების ფორმა და შინაარსი, რომელსაც აქტივისტები ხვდებიან თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. კვლევა ჩატარდა თვისებრივი მეთოდის გამოყენებით, 2020 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში. კერძოდ, გაკეთდა სამაგიდე კვლევა, გაანალიზდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ეპისტოლეები და საზოგადოების დამოკიდებულებების შესახებ არსებული მეორადი მონაცემები. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 15 სიღრმისეული ინტერვიუ ქალ და ქვიარ აქტივისტებთან.
კვლევა განხორციელდა პროექტის: “ადგილობრივ დონეზე მომუშავე ორგანიზაციების მობილიზება დემოკრატიისთვის” ფარგლებში, რომელსაც „ქალთა ფონდი საქართველოში“ ახორციელებს. ფინანსური მხარდაჭერა კვლევას გერმანულმა ქალთა ფონდმა, “Filia die Frauenstiftung“ გაუწია.
მკვლევართა ჯგუფი განსაკუთრებულ მადლობას უხდის რესპონდენტებს კვლევაში მონაწილეობისა და დროის დათმობისათვის.
გაეცანით კვლევის ანგარიშს ქართულ ენაზე: შეზღუდული სივრცე ქვიარ და ქალი აქტივისტებისთვის.

Comments