ანი გოგბერაშვილი: შეზღუდული შესაძლებლობების ფემინისტური თეორია
WeResearch
Apr 7, 20213 min read
ამ ბლოგში ვისაუბრებ შეზღუდული შესაძლებლობის ფემინისტურ თეორიაზე. აღნიშნული საკითხთ რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედების საჭიროებებს ვიკვლევდი. კვლევა მთლიანად აგებული იყო ქალების ინდივიდუალურ გამოცდილებებზე. კვლევის პროცესში გავიგე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედები განიცდიან ჩაგვრას არამარტო პატრიარქალური საზოგადოებისგან, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების არ მქონე საზოგადოებისგანაც, რომელთაც არ აქვთ მზაობა მათი რეალობის ბოლომდე გასააზრებლად. სწორედ ამიტომ, სიღრმისეული ინტერვიუების გზით მოპოვებულ ინფორმაციას ვაანალიზებდი ორი კრიტიკული თეორიის გამოყენებით - დედობის ფემინისტური კვლევები და შეზღუდული შესაძლებლობების კვლევები.
შეზღუდული შესაძლებლობების ფემინისტი მკვლევარები ხშირად იყენებენ ავტოეთნოგრაფიულ მეთოდს ჩაგვრისა და მარგინალიზაციის გამოცდილებების გაზიარებისა და საკუთარი პრობლემების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებისთვის. ავტოეთნოგრაფიული მეთოდი პირადი გამოცდილებების გაზიარებისა და თვითრეფლექსიის გზით უფრო ფართო, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური რეალობის გადააზარებას გულისხმობს. ძალიან ხშირად ეიბლიზმი და სექსიზმი იკვეთება. ავტოეთნოგრაფიის მეთოდი ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, ან თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე მზრუნველ ქალებს გადმოსცენ საკუთარი ისტორიები და დაუპირისპირდნენ ეიბლისტურ და სექსისტურ წარმოდგენებს (Simplican, 2017).
რას ვგულისხმობთ როდესაც ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობების ფემინისტურ თეორიაზე და რატომ გვჭირდება ის?
როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მკვლევარი, სიუზან ვენდელი ამბობს, შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული თეორია აუცილებლად ფემინისტური უნდა იყოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნახევარს ქალები წარმოადგენენ, ასევე იმიტომ, რომ თავის დროზე სწორედ ფემინისტმა მოაზროვნეებმა წამოაყენეს ყველაზე რადიკალური მოსაზრებები სხეულთან დაკავშირებულ კულტურულ დამოკიდებულებებზე. ის დამოკიდებულებები სხეულის მიმართ, რომლებიც ქალების ჩაგვრას იწვევს, ხშირ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, ფემინისტები ხშირად დგანან იმავე სირთულეებისა და დილემების წინაშე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან. მაგალითად, დომინანტურ ჯგუფთან განსხვავებებს გაუსვან ხაზი, თუ მსგავსებებს, იბრძოლონ დომინანტურ კულტურასთან ინტეგრაციისთვის, თუ შეინარჩუნონ საკუთარი კულტურა (Wendell, 2006 გვ. 243).
თუ დავსვამთ შეკითხვას, რატომ ვერ იღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სათანადო განათლებას, რატომ უჭირთ დასაქმება, ხშირ შემთხვევაში მივიღებთ პასუხს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ბუნების თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლები არიან და მათი ჩაგვრაც აქედან გამომდინარეობს. ვენდელის მიხედვით, ფემინისტებს კარგად ესმით თუ რამდენად მცდარია ეს პასუხი. თუ ქალად დაბადება ადამიანს იმთავითვე არახელსაყრელ, სუბორდინირებულ მდგომარეობაში აგდებს ეს არის არა ბუნების, არამედ სოციალური კონტექსტის ბრალი (Wendell, 2006 გვ. 246). იგივე დამოკიდებულებას აქვს ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაშიც. ხშირად მათთვის რესურების გამოყოფა ქველმოქმედებად აღიქმება, რადგან ისინი ითვლებიან საზოგადოების არაპროდუქტიულ წევრებად. მთავრობები და საქველმოქმედო ორგანიზაციები ბევრად მეტ ფულს ხარჯავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინსტიტუციებში მოქცევაზე (სადაც მათ საკუთარი პოტენციალის განვითარების შანსი არ აქვთ), ვიდრე მათ გაძლიერებაზე (Wendell, 2006).
თანამედროვე სამყაროში როგორც მედიცინა, ისე პოპულარული კულტურა ქმნის ჯანსაღი, ძლიერი სხეულის იდეალს და აყალიბებს ილუზიას, თითქოს ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყოველთვის მის ხელშია, თითქოს ნებისმიერი დაავადება განკურნებადია თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ. მთლიანად საზოგადოება ორგანიზებულია ძლიერი, ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რომლებსაც სამსახურის გარეთ მნიშვნელოვანი მოვალეობები არ აქვთ. მსგავსი იდელოგიის გავლენის ქვეშ მოქცეულ საზოგადოებას უჭირს ისეთი ადამიანების მიღება, რომლებიც ამ ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებენ. როგორც ვენდელი ამბობს „შეზღუდვების არ მქონე ადამიანებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად წარმოადგენენ საკუთარ სხეულზე კონტროლის დამყარების, ასევე თანამედროვე მეცნიერებისა და მედიცინის წარუმატებლობის სიმბოლოს“ (Wendell, 2006 გვ. 251). ადამიანები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ ხშირ შემთხვევაში საჯარო ცხოვრების მიღმა რჩებიან. სწორედ ამიტომ, შეზღუდული შესაძლებლობების ფემინისტური თეორია აუცილებელია ამ რეალობის გადასააზრებლად და შესაცვლელად.
გამოყენებული მასალები:
Feminist disability studies as methodology: life-writing and the abled/disabled binary [Journal] / auth. Simplican Stacy Clifford // Feminist Review. - 2017. - 1 : Vol. 115. - pp. 46-60.
Reassigning Meaning [წიგნის სექცია] / ავტ. Linton Simi // The Disability Studies Reader / წიგნის ავტ. Davis Lennard J. . - New York, London : Routledge; Taylor & Francis Group, an informa business, 2006. - Second Edition.
Toward a Feminist Theory of Disability [წიგნის სექცია] / ავტ. Wendell Susan // Disability Studies Reader / წიგნის ავტ. Davis Lennard. - New York : Routledge, 2006.
პოსტის ავტორი: ანი გოგბერაშვილი, გენდერის მკვლევარი
Comentários