WeResearch

fullDatetime-to-read.short-label

We dream. We act. We research together.

(ეძღვნება WeResearch-ის თითოეულ მკვლევარსა და თანამშრომელს)

2008 თუ 2009 წელს, როცა თსუ-ს ერთი კორპუსიდან მეორეში წიგნებამოიღლიავებული მივაბიჯებდი და თან გონებაში ბურდიეს თეორიებს ვიმეორებდი, აღმოვაჩინე რომ კვლევით ორგანიზაციაზე ვოცნებობდი. ვოცნებობდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გავიზრდებოდი, დავამთავრებდი უნივერსტეტს, და მე თვითონ, ჩემი ძალებით, დავაარსებდი კვლევით ორგანიზაციას, რომელიც რატომღაც აუცილებლად მრგვალ შენობაში უნდა ყოფილიყო განთავსებული (დღემდე არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე წარმომედგინა) და რომელშიც აუცილებლად იქნებოდა ინტენსიური სტაჟირების პროგრამა ახალბედა სტუდენტებისთვის.

მაშინ ეს მხოლოდ ოცნება იყო. ბავშვური ოცნება, რომელიც სადღაც ჰაერში ლივლივებდა და რომელიც მხოლოდ იშვიათად თუ გამახსენდებოდა ხოლმე. მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ცოტა ხანში ეს ოცნება მიწაზე დაეშვა, კონტურები გამოესახა, ფორმა შეიძინა და ყოველდღიურად უფრო და უფრო ხელშესახები გახდა.

WeResearch-ი ოცნება იყო, რაც ბუნებრივია, მაგრამ ამავდროულად ძალიან უჩვეულოც, რადგან იოცნებო რაღაც დიდზე (dream big) არაა მარტივი. არაა მარტივი არავისთვის და განსაკუთრებით, ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებსაც ბავშვობა „ბნელ 90-იანებში“ აქვთ გატარებული. არაა მარტივი იოცნებო და მით უმეტეს, იმოქმედო და შემდეგ, განახორციელო. მაგრამ ამ ოცნებაში მარტო არ ვყოფილვარ და როგორც კი თანამოაზრეს (ან კიდევ უკეთესი - თანამოაზრეებს) იპოვნი და ერთი ქალი რამდენიმედ გადაიქცევა, იდეები დაიხვეწება, დაიწრიტება და დიდი ოცნებები დიდ ქმედებებად გადაიქცევა.

სწორედ ამ ქმედებების შედეგად დაიბადა WeResearch-ი 5 წლის წინ, 2017 წლის 17 იანვარს. მაშინ ძალიან პატარები და გამოუცდელები ვიყავით. მაგრამ არ გვეშინოდა ნაბიჯების გადადგმის, რადგან ჩვენ ერთად ვიყავით და ვიცოდით, რომ თუ ერთს რამე შეეშლებოდა და წაიბორძიკებდა, დანარჩენები მხარში შეუდგებოდნენ და წამოაყენებდნენ. ასე ვართ დღემდე.

ერთად დგომა გვეხმარებოდა ორგანიზაციის დაფუძნებასა და მართვის პროცესში წარმოჭრილ სირთულეებთან გამკლავებაში. მაგალითად, WeResearch-ის დაარსებისას არ გვქონდა არანაირი ფინანსური რესურსი და მხოლოდ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ამარა ვიყავით. მიაღწიო წარმატებას ეკონომიკური კაპიტალის (ბურდიეს რომ დავესესხოთ) გარეშე კი, რთული პროცესია. მაგრამ ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი მოტივაცია, ინტერესი და გვჯდეროდა იმ საქმის რასაც უნდა შევჭიდებოდით.

ეკონომიკური კაპიტალის გარდა, სოციალური კაპიტალის ნაკლებობასაც განვიცდიდით. ახალბედა ორგანიზაციას ჯერ არ გვქონდა კავშირები, კონტაქტები და რაც მთავარია არ გვქონდა მოპოვებული ნდობა, რომელიც როგორც წესი, წარსულ წარმატებულ თანაშმრომლობას ეფუძნება. ამგვარი გამოცდილების გარეშე კი, დაარწმუნო დამკვეთი ორგანიზაცია რომ განდოს პროექტი, რთული და ხანგრძლივი პროცესია.

გარდა ამისა, არაა მარტივი დატოვო კომფორტის ზონაც და გააკეთო ის რაც აქამდე არ გაგიკეთებია. მაგალითად, ჩაატარო პირველი დამოუკიდებელი კვლევა, გამოიყენო მეთოდოლოგია, რომელიც შენთვის ჯერ ახალი და უცხოა, შეეჭიდო მსხვილი მასშტაბის კვლევას, რომლის მსგავს მასშტაბებს ჯერ არ შესჭიდებიხარ, დაგეგმო და განახორციელო საველე სამუშაოები, რომლის ვადებიც არარეალისტურად მცირეა, წარუძღვე პირველ საერთაშორისო პროექტს, უხელმძღვანელო ჯგუფს და აიღო სრული პასუხისმგებლობა შენს გუნდზე, კვლევაზე, პროექტზე.

მიუხედავად სირთულეების, WeResearch-ი დაარსდა და სრულყოფილ ორგანიზაციად „შედგა“. დღეს WeResearch-ი უკვე ითვლის 30-მდე პროექტს, 20-მდე მკვლევარს, 20-მდე ადგილობრივ და საერთოშორისო პარტნიორს. ჩვენ ვატარებთ თვისებრივ და რაოდენობრივ გამოყენებით კვლევებს და ვმუშაობთ ისეთ სოციალურ საკითხებზე როგორიცაა განათლება, მიგრაცია, გენდერული და სოციალური უთანასწორობა, უმცირესობათა ჯგუფები და სხვ. განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის, რომ ჩვენს ორგანიზაციას ფემინისტური ღირებულებები ამოძრავებს. ყველაზე მეტს სწორედ ქალების საკითხებზე ვმუშაობთ და ჩვენი კვლევები სწორედ მათი გაძლიერებისკენ არის მიმართული.

მაშ ასე, წელსაც, როცა თსუ-ს ერთი კორპუსიდან მეორისკენ კვლავაც მივაბიჯებ, ვფიქრობ, რომ WeResearch ჯერ მიზნად, შემდეგ კი რეალობად ქცეული ოცნებაა ჩემთვის. WeResearch ცხოვრებაში მიღწეული მიზანიცაა. და შთაგონებაა, რომ არასდროს ვთქვათ უარი დიდ მიზნებზე და არასდროს დავიხიოთ უკან ნაბიჯების გადასადგმელად. ჯერ ერთის, მერე მეორის, შემდეგ მესამის... WeResearch რეალობად ქცეული ოცნებაა ჩემთვის...

WeResearch-ის დამფუძნებელი, მკვლევარი

    900
    4