(ეძღვნება WeResearch-ის თითოეულ მკვლევარსა და თანამშრომელს)
2008 თუ 2009 წელს, როცა თსუ-ს ერთი კორპუსიდან მეორეში წიგნებამოიღლიავებული მივაბიჯებდი და თან გონებაში ბურდიეს თეორიებს ვიმეორებდი, აღმოვაჩინე რომ კვლევით ორგანიზაციაზე ვოცნებობდი. ვოცნებობდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გავიზრდებოდი, დავამთავრებდი უნივერსტეტს, და მე თვითონ, ჩემი ძალებით, დავაარსებდი კვლევით ორგანიზაციას, რომელიც რატომღაც აუცილებლად მრგვალ შენობაში უნდა ყოფილიყო განთავსებული (დღემდე არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე წარმომედგინა) და რომელშიც აუცილებლად იქნებოდა ინტენსიური სტაჟირების პროგრამა ახალბედა სტუდენტებისთვის.
მაშინ ეს მხოლოდ ოცნება იყო. ბავშვური ოცნება, რომელიც სადღაც ჰაერში ლივლივებდა და რომელიც მხოლოდ იშვიათად თუ გამახსენდებოდა ხოლმე. მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ცოტა ხანში ეს ოცნება მიწაზე დაეშვა, კონტურები გამოესახა, ფორმა შეიძინა და ყოველდღიურად უფრო და უფრო ხელშესახები გახდა.
WeResearch-ი ოცნება იყო, რაც ბუნებრივია, მაგრამ ამავდროულად ძალიან უჩვეულოც, რადგან იოცნებო რაღაც დიდზე (dream big) არაა მარტივი. არაა მარტივი არავისთვის და განსაკუთრებით, ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებსაც ბავშვობა „ბნელ 90-იანებში“ აქვთ გატარებული. არაა მარტივი იოცნებო და მით უმეტეს, იმოქმედო და შემდეგ, განახორციელო. მაგრამ ამ ოცნებაში მარტო არ ვყოფილვარ და როგორც კი თანამოაზრეს (ან კიდევ უკეთესი - თანამოაზრეებს) იპოვნი და ერთი ქალი რამდენიმედ გადაიქცევა, იდეები დაიხვეწება, დაიწრიტება და დიდი ოცნებები დიდ ქმედებებად გადაიქცევა.

Comments