WeResearch

fullDatetime-to-read.short-label

WeResearch Together. We Have Fun Together

post.update-date

A Collective story about WeResearch

ყველაფერი დაიწყო 2013 წელს.

ნათია, ნანა და მე მაშინ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტების ახალი კურსდამთავრებულები ვიყავით. რამდენიმე კვლევის ჩატარების გამოცდილება უკვე გვქონდა (საკუთარი სამაგისტრო ნაშრომების ჩათვლით). ცოტაოდენი პრაქტიკა და გამოცდილება დაგვეგროვებინა და სრული მზაობა გაგვაჩნდა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები ერთად და ფრთხილად გადაგვედგა სოციალური კვლევების ასპარეზზე.

არ ვიცი, როგორ მოხდა ის, რომ მაინც და მაინც ერთმანეთი ავარჩიეთ პროფესიული განვითარების ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ალბათ, უბრალოდ გაგვიმართლა და სამი ახალგაზრდა მკვლევარი ქალი, სწორ დროს აღმოვჩნდით ერთად. ჩვენი ცხოვრებისეული, თუ პროფესიული გამოცდილებებიც და ფსიქოლოგიური მზაობაც, სავარაუდოდ მსგავსი იყო. შესაბამისად, ძალიან მარტივად ავუღეთ ალღო ერთმანეთს და რომ იტყვიან - „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“.

რომ არა ქალთა ფონდი...

პირველი ერთობლივი კვლევა ქალთა ფონდის მხარდაჭერით ჩავატარეთ, 2013 წელს. მაშინ ჯერ საინიციატივო ჯგუფი ვიყავით. არაფორმალურად შეკავშირებული სამი ახალგაზრდა მეგობარი-მკვლევარი ვეძებდით იმ ახალ შესაძლებლობებს, რაც ჩვენს პროფესიულ ინტერესებს გასაქანს მისცემდა. ერთის მხრივ, იქნებოდა საზოგადოდ აქტუალური და სასარგებლო, მეორეს მხრივ კი, ჩვენ მოგვცემდა აკადემიიდან პრაქტიკულ სამყაროში გადმოსვლის და ძალების დამოუკიდებლად მოსინჯვის შესაძლებლობას. სწორედ ეს შესაძლებლობა მოგვცა ქალთა ფონდმა. გარდა წარმატებული და ნაყოფიერი გამოცდილებისა, ამ თანამშრომლობით ქალთა ფონდმა, ახალგაზრდა ქალ მკვლევარებს მოგვცა რწმენა და გამბედაობა, რომ კვლევა გაგვეგრძელებინა. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ დღეს WeResearch-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ფემინიზმი და თანასწორობაა.

და ჩვენ გავაგრძელეთ...

ამის შემდეგ იყო არაერთი კვლევა, არაერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. ჩვენი გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი გახდა, ჩვენი მეგობრობა - უფრო ინტენსიური. ერთად ვრისკავდით, ხან ერთად ვიხევდით უკან. ბევრს ვკამათობდით და ბევრს ვსწავლობდით ერთმანეთისგან. ნელ-ნელა მივხვდით, რომ მზად ვიყავით ჩვენი საქმიანობისთვის უფრო ორგანიზებული ფორმა მიგვეცა, დაგვერქვა სახელი და დაგვესახა სტრატეგიული გეგმები. ამგვარად, 2017 წელს დავაფუძნეთ და დღემდე WeResearch-ის სახელით ვაგრძელებთ კვლევას, WeResearch-ის განუყრელ მეგობრებთან ერთად.

We connect through research. We Bring Research to You

თუ ცნობისმოყვარე არ ხარ, თუ არ ცდილობ განსხვავებული პერსპექტივების გაგებას, თუ არ ეძებ სიახლეს, მაშინ რთულია იყო მკვლევარი. სოციალური კვლევა საუკეთესო საშუალებაა სამყაროს მრავალფეროვნების უკეთ გაგებისა და აღქმისთვის. ჩვენ, WeResearch-ის გუნდს გვაერთიანებს კვლევის სიყვარული. ის, რომ პროფესია, ამავდროულად საყვარელი საქმიანობაცაა, ვფიქრობ, შეუცვლელი ინგრედიენტია ხარისხიანი კვლევითი პროდუქტების შექმნისთვის.

ნანა: „ამბობენ, ძალიან უნდა გაგიმართლოს პროფესია და ჰობი ერთმანეთს რომ დაემთხვესო. ჩემს ჩემთხვევაში ასე მოხდა. კვლევა თავიდან მხოლოდ პროფესია იყო - თვისებრივი, რაოდენობრივი, ექსპერიმენტი, სიღრმისეული ინტერვიუ... ცოტა ხანში ეს პროფესიული ცნებები ემოციებით დაიტვირთა, დაიხუნძლა, და ჰობისთვის დამახასიათებელი თვისებები შეიძინა. ამიტომ, შაბათ-კვირაობით ჩემს აივანზე გაშლილი კვლევითი პროექტების მასალები, ჩემთვის საქმიანი სტრესი კი არა - სიამოვნებაა.“ (პ.ს. ამ ტექსტით „ვორკაჰოლიზმის“ პროპაგანდას არ ვეწევით, პირიქით, საქმისა და დასვენების ბალანსის დაცვა უმნიშვნელოვანესია და ალბათ ერთი ბლოგიც მიეძღვნება ამ საკითხს, მკვლევართა ცხოვრების კონტექსტში 😊)

სწორედ ამიტომ, WeResearch ჩვენთვის თავისუფალი სივრცეა, იმის კეთების საშუალება, რაც გვიყვარს და რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. გვინდა, რომ ახლო მომავალში ეს სივრცე უფრო გავაფართოვოთ და სხვებისთვისაც, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მკვლვრებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ნათია: „WeResearch არის გამბედაობა, თავისუფლება, ჰარმონია და ღირებულებათა სისტემა, რომელიც უთქმელად არსებობს. ეს არის პლატფორმა, რომელიც მაძლევს საშუალებას ჩემი პროფესიული ცოდნა გამოვიყენო რაიმე ღირებულის შესაქმნელად, თან ისე, რომ არ ვიყო შეზღუდული, თავისუფლად გამოვხატო იდეები და ვიფიქრო მათ განხორციელებაზე. გარდა ამისა, WeResearch არის პლატფორმა დამწყები მკვლევარებისთვის. ჩვენც დამწყებები ვიყავით და სხვა დამწყებ მკვლევარებსაც მივეცით გამოცდილების დაგროვების საშუალება. ასევე, გარკვეული ‘community’-ია, რომელიც კონკრეტული იდეის გარშემოა გაერთიანებული.“

ამ ბლოგის წამოწყებით, ჩვენ გვინდა შემოვიკრიბოთ თანამოაზრეები, მკვლევრები, რომლებსაც ჩვენსავით სჯერათ, რომ სწორი კითხვების დასმითა და სისტემური მიდგომებით, შესაძლოა სრულიად განსხვავებული პერსპექტივები აღმოვაჩინოთ სოციალურ სამყაროში და ახლებური გადაწყვეტილებებისკენ გავიკვლიოთ გზები; ვისაც სჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით მართლა შეიძლება მივაღწიოთ სასიკეთო ცვლილებას საზოგადოებაში; ვისაც, უბრალოდ უყვარს კვლევა და არ ბეზრდება კითხვების დაუსრულებელი დასმა 😊

ამ ბლოგის საშუალებით, შემოგთავაზებთ ქართველი (და არა მარტო ქართველი) მკვლევრების რეალურ გამოცდილებებს, ხედვებს, ახლებურ მიდგომებს პრაქტიკაში, ან უბრალოდ მათ რეფლექსიებს კვლევის პროცესთან დაკავშირებით. ამითი შევეცდებით, ერთის მხრივ, გავაძლიეროთ სოციალურ მკვლევართა „community” საქართველოში, მეორეს მხრივ კი, კვლევა უფრო გასაგები და ადამიანური გავხადოთ და მივიტანოთ ფართო საზოგადოებამდე.

პოსტის ავტორი: გვანცა ჯიბლაძე, მკვლევარი

    3490
    7