A Collective story about WeResearch
ყველაფერი დაიწყო 2013 წელს.
ნათია, ნანა და მე მაშინ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტების ახალი კურსდამთავრებულები ვიყავით. რამდენიმე კვლევის ჩატარების გამოცდილება უკვე გვქონდა (საკუთარი სამაგისტრო ნაშრომების ჩათვლით). ცოტაოდენი პრაქტიკა და გამოცდილება დაგვეგროვებინა და სრული მზაობა გაგვაჩნდა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები ერთად და ფრთხილად გადაგვედგა სოციალური კვლევების ასპარეზზე.
არ ვიცი, როგორ მოხდა ის, რომ მაინც და მაინც ერთმანეთი ავარჩიეთ პროფესიული განვითარების ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ალბათ, უბრალოდ გაგვიმართლა და სამი ახალგაზრდა მკვლევარი ქალი, სწორ დროს აღმოვჩნდით ერთად. ჩვენი ცხოვრებისეული, თუ პროფესიული გამოცდილებებიც და ფსიქოლოგიური მზაობაც, სავარაუდოდ მსგავსი იყო. შესაბამისად, ძალიან მარტივად ავუღეთ ალღო ერთმანეთს და რომ იტყვიან - „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“.
რომ არა ქალთა ფონდი...
პირველი ერთობლივი კვლევა ქალთა ფონდის მხარდაჭერით ჩავატარეთ, 2013 წელს. მაშინ ჯერ საინიციატივო ჯგუფი ვიყავით. არაფორმალურად შეკავშირებული სამი ახალგაზრდა მეგობარი-მკვლევარი ვეძებდით იმ ახალ შესაძლებლობებს, რაც ჩვენს პროფესიულ ინტერესებს გასაქანს მისცემდა. ერთის მხრივ, იქნებოდა საზოგადოდ აქტუალური და სასარგებლო, მეორეს მხრივ კი, ჩვენ მოგვცემდა აკადემიიდან პრაქტიკულ სამყაროში გადმოსვლის და ძალების დამოუკიდებლად მოსინჯვის შესაძლებლობას. სწორედ ეს შესაძლებლობა მოგვცა ქალთა ფონდმა. გარდა წარმატებული და ნაყოფიერი გამოცდილებისა, ამ თანამშრომლობით ქალთა ფონდმა, ახალგაზრდა ქალ მკვლევარებს მოგვცა რწმენა და გამბედაობა, რომ კვლევა გაგვეგრძელებინა. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ დღეს WeResearch-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ფემინიზმი და თანასწორობაა.
და ჩვენ გავაგრძელეთ...
ამის შემდეგ იყო არაერთი კვლევა, არაერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. ჩვენი გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი გახდა, ჩვენი მეგობრობა - უფრო ინტენსიური. ერთად ვრისკავდით, ხან ერთად ვიხევდით უკან. ბევრს ვკამათობდით და ბევრს ვსწავლობდით ერთმანეთისგან. ნელ-ნელა მივხვდით, რომ მზად ვიყავით ჩვენი საქმიანობისთვის უფრო ორგანიზებული ფორმა მიგვეცა, დაგვერქვა სახელი და დაგვესახა სტრატეგიული გეგმები. ამგვარად, 2017 წელს დავაფუძნეთ და დღემდე WeResearch-ის სახელით ვაგრძელებთ კვლევას, WeResearch-ის განუყრელ მეგობრებთან ერთად.

Comments