2020-ის სექტემბერში WeResearch-ის გუნდი მორიგ გამოწვევას შეეჭიდა. საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე ტაბუდადებული თემა - ქალის სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ამავე საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე უხილავ ჯგუფში, უსინათლო და მცირემხედველ ქალებსა და გოგოებში უნდა გვეკვლია.
კვლევის პროცესში, ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოქმედებდა. Საველე სამუშაოების განხორციელების პერიოდში არ ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სკოლები და სხვა საჯარო სივრცეები, Ვირუსის სწრაფი გავრცელებიდან გამომდიარე კი არსებობდა ხალხთან ფიზიკური შეხვედრის შიში. ამ ყოველივემ კიდევ უფრო გაართულა უსინათლო და მცირემხედველი გოგოებისა და ქალების საჯარო სივრცეში გამოყვანა და მათი ნარატივის გაჟღერება.
მიუხედავად არსებული სირთულეებისა, კვლევა ჩატარდა და WeResearch-ის გუნდს იმედი გვაქვს, რომ მცირე წვლილი მაინც შევიტანეთ, უსინათლო და მცირემხედველი ქალების პერსპექტივების წარმოჩენაში სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დისკუსიისას. ამ პოსტში მოკლედ წარმოგიდგენთ კვლევის მიზანსა და მის ძირთად შედეგებს.
კვლევა 2020 წლის სექტემბერი-ნოემბრის პერიოდში ორგანიზაცია მარიანის პროექტის „ჩემი სხეული სინათლის მიღმა. მხედველობის დარღვევის მქონე გოგოებისა და ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაციაზე მისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში განხორციელდა, ხოლო მისი ფინანსური მხარდამჭერი ქალთა ფონდი საქართველოში იყო. კვლევის ძირითად მიზანს უსინათლო და მცირემხედველი გოგოებისა და ქალების სექსუალობასთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ინფორმაციული საჭიროებების შესწავლა წარმოადგენდა. ამისათვის, კვლევის თვისებრივი მეთოდები - სამაგიდე კვლევა, სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები გამოვიყენეთ.
კვლევამ აჩვენა, რომ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთავარი ბარიერები სამედიცინო დაწესებულებების არაადაპტირებულობა, ექიმების არასენსიტიურობა შეზღუდული შესაძლებლობის საკითხების მიმართ, კონფიდენციალობის არარსებობა და სამედიცინო მომსახურების სიძვირეა. არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა კი უდიდესი პრობლემაა უსინათლო და მცირემხედველი ქალებისათვის.
კვლევის თანახმად, არასრულწლოვან რესპონდენტებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ და ეს საკითხი მკაცრად ტაბუდადებულია მათთვის. გოგოები ცოდნის მიღების დიდ სურვილსა და ინტერესს გამოხატავენ, თუმცა მშობლების დიდი ნაწილი სექსუალურ ურთიერთობებზე საუბარს მისაღებად მხოლოდ დაქორწინების შემთხვევაში მიიჩნევს. ამასთან, ხშირად მშობლები არც კი სცნობენ უსინათლო ან მცირემხედველი შვილების სექსუალობას.
უსინათლო და მცირემხედველი ქალების რეპროდუქციულ და სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში საკმაოდ მძლავრი სტიგმა არსებობს, რომლის ინტერნალიზებასაც გოგოები და ქალები ახდენენ. ექსპერტებისა და რესპონდენტების აზრით, ხდება უსინათლო და მცირემხედველი ქალების ასექსუალიზება და მიიჩნევა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის რომანტიული და სექსუალური ურთიერთობა ოჯახისა და სახელმწიფოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც არ არის მომგებიანი.
Kommentare