top of page
  • Writer's pictureWeResearch

დაკო ბახტურიძე: რატომ ფემინისტური კვლევა?!



“მე ვარ ქალი რეგიონიდან, მთის კულტურაში აღზრდილი და ემიგრანტი ქალის შვილი”.


ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ფემინისტურ კვლევაზე დაფუძნებული ჩემი კვლევითი ნაშრომის შესავალი. რას ვგულისხმობთ, როდესაც ნაშრომს ვუწოდებთ ფემინისტურ კვლევას? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ფემინისტური კვლევა არ წარმოადგენს კონკრეტულ მეთოდს, ის არის უფრო ფართო მიდგომა, რომელიც ფემინისტურ პრინციპებს ემყარება. ფემინისტური კვლევის უამრავი განმარტება არსებობს ლიტერატურაში, თუმცა, ამ ბლოგში მე იმ პრინციპებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს არის ის, რაც პირველ რიგში მახსენდება, როდესაც ფემინისტურ კვლევაზე ვფიქრობ.


დავიწყებ იმით, რომ ფემინისტური კვლევა არა მხოლოდ უშვებს სუბიექტურობას, არამედ ის სუბიექტურობას აქცევს მის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად. როდესაც პირველად მქონდა შეხება ფემინისტურ კვლევით მეთოდებთან, იმ დროისთვის, ჩემი პირველადი განათლება სტატისტიკა იყო, სადაც ობიექტურობა და ე.წ „ერთი ჭეშმარიტების“ ძიება არის მთავარი აღიარებული პრინციპი. ამიტომ, პირველ ეტაპზე ჩემთვის ბევრი რამ დამაბნეველი იყო და გარკვეული დრო დამჭირდა ცნებებში გასარკვევად. ამ ბლოგში არ მოვყვები ეპისტემოლოგიურ დავას პოზიტივისტებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის, უბრალოდ შევეცდები ცნებების განმარტების ჩემეული ახსნა შემოგთავაზოთ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ფემინისტური კვლევა თავისთავად არ ეწინააღმდეგება ობიექტურობის პრინციპს. თუმცა ფემინისტი მკვლევარები და თეორეტიკოსები ამბობენ, რომ ობიექტურობის მიღწევა არის უბრალოდ შეუძლებელი, რადგან ჩვენ არ ვართ ე.წ „ცარიელი თავები“ და ყველა ჩვენ ჩვენი გამოცდილებებიდან მოვდივართ, რაც გავლენას ახდენს ჩვენს კვლევებზე და შესაბამისად ობიექტურობაზე, როგორც განყენებულ ცნებაზე. თუმცა, რაც არის შესაძლებელი და აუცილებელიც, ეს არის საკუთარი გამოცდილების გადააზრება, მისი აღიარება და გაცხადება.


მეორე მნიშვნელოვანი პრინციპი არის მკვლევარსა და დაკვირვების ობიექტს შორის ძალაუფლებრივი დინამიკის გადააზრება. ეს მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, საუკუნეების განმავლობაში ქალების, ან ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ კვლევები არ მიიჩნეოდა მნიშვნელოვნად და რაც ტარდებოდა, იმ კვლევებშიც ქალები წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ე.წ “სხვა“, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ „რაღაც ნორმისგან გადახრილი“, ამიტომ ამ საკითხის გადააზრება მნიშვნელოვანი პრინციპია ფემინისტი მკვლევარისთვის. ამის გარდა, ფემინისტურია კვლევა, როდესაც ის ემსახურება კვლევის ობიექტის მიზნებს და არა თავად მკვლევარს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რას ვიკვლევთ, არამედ იმაზეც, თუ როგორ და რატომ ვიკვლევთ.


ფემინისტური კვლევა „პოლიტიკურია“, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევა არ ტარდება მხოლოდ კვლევისთვის, არამედ კვლევა ემსახურება პოზიტიური ცვლილებების მიღწევას. ამიტომ რა კვლევასაც არ უნდა ვატარებდეთ ფემინისტური კვლევის პრინციპებით, ის უნდა ემსახურებოდეს პოზიტიური ცვლილებების დღის წესრიგს ქალებისთვის და არა მხოლოდ ქალებისთვის.


ზემოთ აღნიშნულის გარდა, ფემინისტური კვლევისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პრინციპების დაცვა მოხდეს კვლევის ყველა ეტაპზე, დაწყებული კვლევის დაფინანსებიდან, მონაცემების შეგროვებით, მათი ანალიზით და ვიზუალიზაციით დამთავრებული. ამ კუთხით, 2020 წელს კატრინ დ’იგნაციოს და ლორენ კლაინის მიერ საინტერესო წიგნი გამოქვეყნდა, სახელად „მონაცემთა ფემინიზმი“. წიგნში ავტორები მონაცემთა ფემინიზმის 7 პრინციპს განმარტავენ. ესენია: 1) ძალაუფლების გადააზრება, 2) ძალაუფლების გამოწვევა ე.წ „დაჩელენჯება“, 3) ბინარულობის და იერარქიების გადააზრება, 4) ემოციების წინ წამოწევა და მათი ასახვა, 5) მრავალფეროვნების უზრუნველყოფა, 6) კონტექსტის გათვალისწინება და 7) სამუშაო ძალის ხილვადობა. ავტორები თითოეული პრინციპის მაგალითს განიხილავენ და სვამენ ისეთ კითხვებს, როგორიცაა: ვინ აგროვებს მონაცემებს? რატომ გროვდება მონაცემები და აქვე, რა მონაცემი არ გროვდება და რატომ? (ძალაუფლების გადააზრება და გამოწვევა); რა კატეგორიებია რაც წინასწარ გვაქვს მოცემული და ავტომატურად ვითვალისწინებთ კვლევაში? (ბინარულობის და იერარქიების გადააზრება); როგორ შეგვიძლია ავსახოთ ჩვენი ემოციები და გამოცდილებები ჩვენს მონაცემებში და მის ვიზუალიზაციაში? (ემოციების წინ წამოწევა და მათი ასახვა); ვისი ხმები არ არის წარმოდგენილი კვლევაში? (მრავალფეროვნების უზრუნველყოფა); როგორ შეგვიძლია უფრო მეტი დრო დავუთმოთ კონტექსტის ანალიზს? (კონტექსტის გათვალისწინება); მოხდა თუ არა კვლევაში ჩართული ყველა მხარის შრომის აღიარება, განსაკუთრებით კი მათი, ვისი შრომაც როგორც წესი არ არის აღიარებული? (სამუშაო ძალის ხილვადობა).


რომ შევაჯამოთ, ამ ბლოგში შევეცადე ფემინისტური კვლევის ჩემთვის მნიშვნელოვანი პრინციპები განმეხილა. თუმცა, ეს პრინციპები ამით არ ამოიწურება. კიდევ უამრავი განმარტება არსებობს როგორც ფემინისტური კვლევის პრინციპების, ასევე თავად ფემინისტური კვლევის.


და ბოლოს, ფემინისტური კვლევა, ერთის მხრივ მკვლევარს აძლევს თავისუფლებას, რომ უამრავი კვლევის მეთოდი, თუ ტექნიკა გამოიყენოს, მაგრამ ამავე დროს აკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, რომ პირადი გამოცდილებები აქციოს კვლევის ნაწილად და რაც მთავარია - გამოიყენოს პოზიტიური ცვლილებების იარაღად.


სტატიაში გამოყენებული და დამატებითი საკითხავი მასალა:

D’Ignazio, C., & Klein, L. (2020). Data Feminism.

Letherby, G. (2003). Feminist Research in Theory and Practice. Open University Press.

Feminist Social Epistemology (2018). The Stanford Encyclopedia of Philosophy.



პოსტის ავტორი: დაკო ბახტურიძე, გენდერის მკვლევარი

bottom of page