top of page
  • Writer's pictureWeResearch

რატომ არის გენდერული ძალადობა უსაფრთხოების საკითხი?


როდესაც გვესმის სიტყვები "უსაფრთხოება,“ „უსაფრთხოების სექტორი", "საფრთხე", ხშირად გვგონია რომ საუბარია შეიარაღებაზე, სამხედრო ძალებზე და ომზე. ან შესაძლოა, ზოგიერთისთვის ეს სიტყვები რეპრესიასთან, კონტროლთან და თვალთვალთან ასოცირდება. მაგრამ როდესაც ჩვენ, როგორც რიგითი ადამიანები ვფიქრობთ თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ვიყოთ უსაფრთხოდ და დაცულად, ალბათ, რაღაც მსგავსი გვაფიქრდება: „უსაფრთხოება მოიცავს ადამიანის უფლებებს, კარგ მმართველობას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას და იმის უზრუნველყოფას, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობები და არჩევანი მისი პოტენციალის რეალიზაციისთვის“[i]. ასე განსაზღვრავს კოფი ანანი[ii] უსაფრთხოებას და სწორედ ამ საკითხებს მოიცავს „ადამიანის უსაფრთხოება“- ანალიტიკური ჩარჩო, რომელმაც პოპულარულობა 90-იანი წლებიდან მოიპოვა. თუ ჩვენ გადავიაზრებთ უსაფრთხოებას, როგორც ადამიანის კეთილდღეობაზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც ტრიალებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ირგვლივ, დავინახავთ, რამდენად მნიშვნელოვანია გენდერი უსაფრთხოებაზე საუბრისას.


კვლევის ფარგლებში, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით განხორციელდა, გავესაუბრეთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს, რომ გაგვეგო როგორ ესმით მათ „უსაფრთხოება“ და რა არის ის ძირითადი პრობლემები, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში განიცდიან. ვნახეთ, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები მრავალ უსაფრთოხების პრობლემას განიცდიან, რომლებიც დაკავშირებულია გენდერთან (გენდერული ძალადობა, მავნე პატრიარქალური პრაქტიკები) და ეთნიკურობასთან (ენის ბარიერი, კულტურული სტერეოტიპები, სხვადასხვა რესურსებთან და ხარისხიან განათლებასთან წვდომის ნაკლებობა). ამ ფაქტორთა ერთობლიობა მათ ორმაგად მოწყვლადს ხდის რეპრესიის, ძალადობის და დისკრიმინაციის მიმართ. ამიტომ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები დამატებით პრობლემებს აწყდებიან რომლებიც დაკავშირებულია მათ პირად უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან, სასურსათო უსაფრთხოებასთან, ჯანდაცვისა და პოლიტიკურ უსაფრთხოებასთან. რასაკვირველია, ყველა ეს პრობლემა მნიშვნელოვანია და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს, თუმცა ეს მოკლე ბლოგი მხოლოდ გენდერულ ძალადობას ეთმობა. ჩვენ აქ განვიხილავთ გენდერულ ძალადობას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ უსაფრთხოების პრობლემას, რომელსაც მრავალი ქალი განცდის საქართველოში.


ქალთა უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული სახლში დაცულობის შეგრძნებასთან. სახლის პირად სივრცეში განცდილი ძალადობა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ადამიანის უსაფრთხოების ჩარჩოს იმ მთავარ პრინციპებზე ახდენს გავლენას, როგორიცაა შიშისაგან თავისუფლება და ღირსეული ცხოვრების უფლება. რაიმეს უსაფრთხოების საკითხად მარკირება მძლავრი ინსტრუმენტია მთავრობებისა და საზოგადოების ყურადღების მობილიზებისთვის და შეუძლია უზარმაზარი როლი ითამაშოს არსებული რესურსების იმ სფეროებში მიმართვაში, რომელიც „საერთო სიკეთედ“ ან მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესად განიხილება. საბოლოო ჯამში, ის თუ რა უნდა იყოს განხილული უსაფრთხოების საკითხად, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და განსაზღვრავს იმას, თუ ვინ არის მიჩნეული დაცვის ღირსად და რამდენი რესურსი გამოიყოფა პრობლემის მოსაგვარებლად.


კვლევის რესპონდენტებთან საუბრებში ჩანს, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა უსაფრთხოების გენდერული განზომილების მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ფემიციდის შემთხვევები და გენდერული ნიშნით ძალადობა საქართველოში მცხოვრებ მრავალ ქალს უქმნის საფრთხეს, განურჩევლად ეთნიკური იდენტობისა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები განსაკუთრებით მოწყვლადი არიან რამდენიმე ფაქტორის გამო, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.


მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობა ქალებისთვის კრიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს, საეჭვოა, რომ უსაფრთხოების სექტორი ძალადობის ამ ფორმას უსაფრთხოების საკითხად განიხილავდეს. როდესაც ქალებს უსაფრთხოების დისკურსზე შეზღუდული წვდომა აქვთ, მრავალი საფრთხე, რასაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში განიცდიან, იგნორირებულია. უსაფრთხოების დისკურსზე წვდომა განსაკუთებით პრობლემურია ქალთა უფრო მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც განიცდიან დამკვიდრებულ სტრუქტურულ უთანასწორობასა და ინტერსექციურ დისკრიმინაციას. მეინსტრიმულ უსაფრთხოების სექტორში გენდერული პერსპექტივის ნაკლებობა და საქართველოს ეთნოპოლიტიკური უსაფრთხოების განზომილებები გავლენას ახდენენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების უსაფრთხოებაზე, უფრო სწორად, მათი უსაფრთხოების ნაკლებობაზე.


კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ეთნიკური უმცირესობის ქალები ხშირად დგანან „უსაფრთხოების უხმო დილემის“ წინაშე - მათი პირობითი უსაფრთხოება ხშირად დამოკიდებულია მათ უხილავობაზე, როგორც გადარჩენის სტრატეგიაზე. შესაბამისად, ხმის ამაღლებამ და პრობლემებზე ღიად საუბარმა შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს ის საფრთხეები რის წინაშეც ისინი დგანან; შეიძლება მათზე უფრო მეტად იძალადონ, გარიყონ, ჩამოაშორონ შვილებს, დატოვონ შემოსავლის გარეშე, ან მოკლან... სამი მთავარი ფაქტორი განაპირობებს მათ დუმილს უსაფრთხოების პრობლემების წინაშე: ინფორმაციის ნაკლებობა გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ, კულტურული სტიგმა და სტერეოტიპები, და ინსტიტუციური მხარდაჭერის სისტემებისადმი ნაკლები ნდობა. ერთ-ერთმა რესპონდენტმა თავისი პირადი ისტორია გაგვიზიარა რაც ნათლად აჩვენებს „უსაფრთხოების უხმო დილემის“ არსებობას. მანვე დაგვისვა სრულიად საფუძვლიანი და ლეგიტიმური შეკითხვა: რა მოხდება მას შემდეგ, თუ ის პოლიციაში წავა? ქვემოთ მოცემული ციტატა იმ ტანჯვას გამოხატავს, რასაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები ყოველდღიურად განიცდიან:


„საზოგადოებას მიაჩნია, რომ ქალი უნდა იყოს ჩუმად და თუ სცემეს, ის ამას იმსახურებს. ეთნიკურად აზერბაიჯანელი ან ეთნიკურად სომეხი ქალები ჩვენს რეგიონში იშვიათად მიმართავენ პოლიციას, რადგან თუ ის სახლიდან წავა, უნდა წავიდეს მშობლებთან... ქმართან დაბრუნება სახიფათოა... წასასვლელი არსად აქვს. მეც მიფიქრია ამაზე. რა იქნება პოლიციის შემდეგ? მეც მქონია [ოჯახში ძალადობის] შემთხვევები და პოლიციას არ მივმართე. არ მინდოდა შვილებთან ერთად მშობლების სახლში დაბრუნება და სხვა წასასვლელი არსად მქონდა. მე ვერ ვნახე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. ჩემთვის რთული პერიოდი იყო, ამიტომ წასვლა ვერ გავბედე. ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ მერე ვნახოთ.“ (მარნეულის ფოკუსჯგუფი, აზერბაიჯანელი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალი, ასაკობრივი ჯგუფი: 30 და მეტი)


სახელმწიფოს მხრიდან გენდერული ძალადობის წინააღმდეგ არაეფექტური ბრძოლა იმ ქალების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების უგულებელყოფაა, რომლებიც დამკვიდრებულ სტრუქტურულ უთანასწორობასა და მრავალი ფორმის დისკრიმინაციას განიცდიან[iii]. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში საკანონმდებლო გარემო გაუმჯობესდა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გარკვეული მექანიზმები იქნა შემუშავებული, კვლავ მრავალი ხარვეზი არსებობს და აღნიშნული ინსტრუმენტების იმპლემენტაცია ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს, ხოლო მონიტორინგის მექანიზმი კვლავ არ არსებობს[iv]. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით[v] [vi], ფემიციდებისა და გენდერული ძალადობის აღმოფხვრის ზომები ძირითადად რეაქტიული ხასიათისაა და პრევენციისათვის არაეფექტურია. საქართველოს მასშტაბით გენდერული თანასწორობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფომ ქალთა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სპეციალური ღონისძიებები უნდა გაატაროს, გენდერული გავლენის შესაფასებლად პრაქტიკული ინსტრუმენტები შეიმუშავოს და შეაგროვოს არა მხოლოდ გენდერულად, არამედ ეთნიკურობით, ასაკითა და შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით ჩაშლილი სტატისტიკური მონაცემები. მსგავსი ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ინტერსექციური, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავებას, ეფექტურ იმპლემენტაციასა და მონიტორინგს, და საბოლოოდ გენდერული ძალადობის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.


გარდა ამისა, ქალთა მიმართ ძალადობა არა მხოლოდ ქალების ყოველდღიური პრობლემა, არამედ, როგორც, უახლესი ფემინისტური ლიტერატურა აღნიშნავს, იგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა [vii],[viii],[ix]. ამ კვლევების მიხედვით, გენდერული ძალადობის დონე სტატისტიკურად უფრო უკეთ განსაზღვრავს სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და მშვიდობიანობას, ვიდრე ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიულობისა და რელიგიური იდენტობის განმსაზღვრელი ინდიკატორები. ამრიგად, გენდერული თანასწორობა შესაძლებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამხსნელი ფაქტორი იყოს, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და კონფლიქტის დეესკალაციაზე ახდენს გავლენას.


შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს არ გააჩნია მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე დაფუძნებული ინტერსექციური მიდგომა. იმისთვის რომ უსაფრთხოების სექტორი გახდეს ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებული, უმნიშვნელოვანესია გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა ტრადიციულად კაცების მიერ დომინირებულ უსაფრთხოების ინსტიტუტებში, როგორებიცაა თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მმართველობისთვის და უსაფრთხოების იმ პრობლემების დასანახად, რაც ვერ ხვდება უსაფრთხოების ვიწრო პატრიარქალურ ხედვაში. ამასთანავე, ქალებს, და განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს, ფორმალურ და არაფორმალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვით, უდიდესი როლი შეუძლიათ შეასრულონ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამკვიდრებაში. შესაბამისად, უსაფრთხოების სექტორში გენდერული პერსპექტივის შეტანა და უსაფრთხოების პოლიტიკის გენდერული მეინსტრიმინგი არამარტო ქალებისთვის, არამედ ჩვენთვის, ყველასთვის მომგებიანია.


ავტორი: ევა მოდებაძე, WeResearch-ის აფილირებული მკვლევარი, მიწვეული მკვლევარ-დოქტორანტი კოპენჰაგენის უნივერსიტეტში და დოქტორანტი იაგელონის უნივერსიტეტში.


[i] Kofi Annan. ‘Secretary-General Salutes International Workshop on Human Security in Mongolia.’ Two-Day Session in Ulaanbaatar, May 8-10, 2000. Press Release SG/SM/7382. კოფი ანანანი. „გენერალური მდივნის მისალმება ადამიანის უსაფრთხოების საერთაშორისო ვორქშოფზე მონღოლეთში.“ ორდღიანი სესია ულან-ბატორში. მაისი 8-10, 2000. პრეს რელიზი Press Release SG/SM/7382 [ii] Kofi Annan was a Nobel Peace Prize laureate and the seventh Secretary-General of the United Nations from 1997 to 2006. კოფი ანანი იყო ნობელის პრემიის ლაურეატი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეშვიდე გენერალური მდივანი 1997-2006 წლებში. [iii] CEDAW/C/GEO/4-5 საქართველოს მეოთხე და მეხუთე პერიოდული გამოცემების გაერთიანებული დასკვნითი დაკვირვებები, 2014, პარაგრაფი 16 [iv] საქართველოს სახალხო დამცველი, გენდერული მეინსტრიმინგი - საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების სტატუსის მიმოხილვა. ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2021031012092124287.pdf [v] საქართველოს სახალხო დამცველი, ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში 2019. ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2021061415064797521.pdf [vi] საქართველოს სახალხო დამცველი, ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში. ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2020070314085774956.pdf 2014-2018 [vii] Hudson, V. M., Caprioli, M., Ballif-Spanvill B., McDermott, R. and Emmett, F. C. (2008/2009). The Heart of the Matter: The Security of Women and the Security of States. International Security, 33(3), pp. 7–45. [viii] Hudson, Valerie M. and den Boer A. M. (2012). A Feminist Evolutionary Analysis of the Relationship Between Violence Against and Inequitable Treatment of Women, and Conflict Within and Between Human Collectives, including Nation and States, in Oxford Handbook of Evolutionary Perspectives on Violence, Homicide, and War, edited by Todd K., Schackelford, Viviana A. and Weekes-Schackelford. Oxford: Oxford University Press. [ix] Bjarnegård, E., Brounéus, K., and Melander, E. (2017). Honor and political violence: Micro-level findings from a survey in Thailand. Journal of Peace Research, 54(6), 748–761. https://doi.org/10.1177/0022343317711241

158 views0 comments
bottom of page