top of page
  • Writer's pictureWeResearch

ახალგაზრდები და ისტორია: კვლევის ძირითადი მიგნებები


კვლევა „ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილებები, დამოკიდებულებები და ღირებულებები“ WeResearch-მა 2021 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.


კვლევა მიზნად ისახავდა, შეესწავლა ახალგაზრდების დამოკიდებულებები საქართველოს ისტორიისა და მისი სწავლების მიმართ. კვლევა შეეხებოდა იმასაც, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და როგორ აფასებენ ისტორიის სწავლის გამოცდილებას.


კვლევის ფარგლებში, მონაცემთა შეგროვებისთვის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების კომბინაცია გამოვიყენეთ. კერძოდ, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც საჯარო სკოლის 9-12 კლასის 4366 მოსწავლე მოიცვა; თვისებრივი კვლევის ფარგლებში კი 12 ფოკუსჯგუფი შედგა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან და, ასევე, რვა პირისპირი ინტერვიუ - სფეროს ექსპერტებთან.

კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეების უმეტესობისთვის ისტორია მხოლოდ წარსული მოვლენები არ არის და ის აწმყოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. მოსწავლეები თვლიან, რომ ისტორიის გამოყენება აწმყოს ინტერპრეტაციისა და მომავლის განსაზღვრისთვის შეიძლება.


საინტერესოა ისიც, რომ ისტორიის ინტერპრეტაციული გაგება თანაარსებობს ისტორიული სიმართლის დადგენის იდეასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსაზრება, რომ ისტორიას, შეიძლება, მრავალი სხვადასხვა ინტერპრეტაცია ჰქონდეს, თანაარსებობს მოსაზრებასთან, რომ არსებობს ერთი ჭეშმარიტი ისტორია.


მოსწავლეები საქართველოს ისტორიის მიმართ მაღალ დაინტერესებას ამჟღავნებენ. მათ განსაკუთრებით ჩვ. წ. 400-1350 წლების პერიოდი და ადგილობრივი და რეგიონული ისტორია აინტერესებთ. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ გოგოები უფრო მეტად არიან დაინტერესებული საქართველოს ისტორიის როგორც სხვადასხვა ეპოქით, ასევე სხვადასხვა თემით, ვიდრე ბიჭები.


ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მოსწავლეები სხვადასხვა ფორმალურ და არაფორმალურ წყაროებს მიმართავენ. ფორმალური წყაროებიდან (მაგ. სახელმძღვანელოები) მიღებულ ინფორმაციას მოსწავლეები ხშირად არაფორმალური წყაროებიდან (მაგ. ინტერნეტი, ოჯახის წევრები) ავსებენ.

ზოგადად, მოსწავლეები ენდობიან ისტორიის შესახებ სხვადასხვა წყაროებს. საინტერესოა, რომ წყაროებს, რომლებსაც მოსწავლეები ყველაზე მეტად ენდობიან მაგ. მუზეუმები და ისტორიული ადგილები, ყველაზე იშვიათად მიმართავენ და, პირიქით, წყაროებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ, მაგ. ინტერნეტი და მედია, ყველაზე ნაკლებ ენდობიან.


ისტორიის სწავლება გარდამავალ პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის გაკვეთილებზე აქტივობები, ძირითადად, სტანდარტულია, მასწავლებლები ძველ და ახალ მეთოდებს უთავსებენ ერთმანეთს და ერთობლივად იყენებენ.


ისტორიის სწავლების მიზნები ორ ძირითად ნარატივად ერთიანდება: „პატრიოტიზმის პერფორმანსი“, რომელიც მიმართულია, ისტორია ეროვნული/პატრიოტული სენტიმენტების გასაღვივებლად გამოიყენოს და „კრიტიკული აზროვნების პრაქტიკა“, რომლისთვისაც ისტორია კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობის საშუალებაა. კვლევა აჩვენებს, რომ, მართალია, ეს ორი მნიშვნელობა ხშირად ურთიერთსაპირისპიროდაა დანახული, თუმცა, ეს მნიშვნელობები ურთიერთგამომრიცხავი არ არის და მათი ურთიერთმიმართება უფრო კომპლექსურია.


საქართველოს საამაყო წინაპრებად და გმირებად ახალგაზრდები საქართველოს გამაერთიანებლებს, ქვეყნის დამცველებსა და განათლების მხარდამჭერებს აღიქვამენ. გმირებად ძირითადად კაცები, ეთნიკურად ქართველები და მე-20 საუკუნემდე მოღვაწე სეკულარული პირები სახელდებიან. ქალები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გმირებად იშვიათად სახელდებიან.


ქართული კულტურის შეფასებისას მოსწავლეები უფრო მეტად კონსერვატულ/წარსულზე ორიენტირებულ შეხედულებებს ეთანხმებიან. ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ისტორიის აღქმა ხშირად, იზოლაციონისტურია და ახალგაზრდები ქართულ კულტურას ნაკლებად განიხილავენ ფართო ისტორიულ და გეოგრაფიულ კონტექსტში.


კვლევის სრული პუბლიკაცია ხელმისაწვდომია აქ: https://bit.ly/3OGDPMZ

158 views0 comments
bottom of page